რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის საიდუმლო შტაბზე – სავარაუდოდ, დაიჭრა 58-ე არმიის მეთაური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის საიდუმლო შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს
Українська правда

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის საიდუმლო შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, 58-ე საერთო არმიის მეთაური დაიჭრა

უკრაინელების იერიშის მიტანის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა უკრაინულ მედიაში გავრცელდა, მათ შორის Українська правда-ზეც. 

როგორც უკრაინული მედია სპეციალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რუსებს შტაბ-ბინა ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში ჰქონდათ მოწყობილი. ამის შესახებ ცნობების გაგების შემდეგ კი უკრაინის სპეციალურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია სამხედროებს გადასცა, რის შემდეგაც იერიშის მიტანისთვის მომზადება ერთობლივად დაიწყეს. Українська правда იერიშის მიტანის თარიღს არ აკონკრეტებს და მხოლოდ განმარტავს, რომ თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რუსეთის ფედერაციის 58-ე საერთო არმიის მეთაურთან ერთად არმიის შტაბის უფროსიც დაიჭრა. 

ამავე ინფორმაციით, უკრაინული იერიშის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული რუსი ოფიცერი, მათგან 10 კი მოკვდა.

როგორც ცნობილია, 58-ე არმია ზაპოროჟიეს მიმართულებით ფრონტის ხაზზე სამხედრო ოპერაციებშია ჩართული და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვან დანაყოფად ითვლება. 

2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მისი მეთაური ივან პოპოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც, მისი სიტყვებითვე, რუსეთის ხელმძღვანელობასთან "მკაცრად" გაუსვა ხაზი რუსეთის არმიის ყველა პრობლემურ საკითხს. პოპოვი გენერალ-ლეიტენანტმა დენის ლიამინმა ჩაანაცვლა.

ამასთან, რუსეთის 58-ე არმია 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა, როცა მას გენერალი ანატოლი ხრულიოვი მეთაურობდა.

კომენტარები