რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება – ოლექსი დანილოვი

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის დანაწევრებას გამოიწვევს. დანილოვი ამბობს, უკრაინამ იცის ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებას და როგორ მოხდება ის.

"ვფიქრობ, რომ ეს აღარ იქნება მარში. გაიხსენეთ, როგორ მოხდა 1991 წლის აგვისტოში სსრკ-ს დაშლა. აჯანყება მართლაც მზადდება, როგორც ეს "საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტის ჯგუფთან" 1991 წელს მოხდა. ეს მზადდება და ისინი უკვე იკრიბებიან. ჩვენ ვიცით, ვინ ხელმძღვანელობს ამას და როგორ ხდება". - თქვა დანილოვმა. 

დანილოვის თქმით, რუსეთში მორიგი აჯანყება მხოლოდ დროის საკითხია. მისივე თქმით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, შესაძლოა, ამ მოვლენებზე გავლენა ჰქონდეს.

ოლექსი დანილოვი აღნიშნავს, რომ ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა იცის აჯანყების შესახებ, თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ამ პროცესის კონტროლი და ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს დაშლის საშუალებას არ მისცემს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, რუსეთს მოუწევს დაშლა და ეს აუცილებლად მოხდება ჩვენს სიცოცხლეში. და, ამას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს, რადგან ეს ისტორიული პროცესია". - ამბობს ოლექსეი დანილოვი. 

კომენტარები