რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაღუპულია ორი ადამიანი

18 სექტემბერს ხერსონის ოლქი მთელი ღამე იბომბებოდა. რუსულ საარტილერიო ცეცხლს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

ხერსონში 72 წლის კაცი დაიღუპა, დაიჭრა კიდევ ერთი, მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სოფელ კიზომისეში კი ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, ადგილზე მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა ქალი, 60 წლის კაცი გადაყვანილია საავადმყოფოში. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი.

რუსეთი პრაქტიკულად ყოველდღიურად ბომბავს ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილს. ბოლო 24-საათში ოლქის მიმართულებით 500-ზე მეტი რუსული ჭურვია გასროლილი.

"განვლილ 24 საათში მტერმა 92-ჯერ დაბომბა ხერსონი. ოლქის მიმართულებით სულ 502 ჭურია გასროლილი. ხერსონი იბომბება არტილერიით, ნაღმტყორცნებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, "გრადებითა" და ავიაციით". – წერია პროკუდინის განცხადებაში. 

კომენტარები