რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაღუპულია 6 წლის ბავშვი

რუსული დაბომბვის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლი, 2023 წლის 14 სექტემბერი
ხერსონის პროკურატურა

რუსეთმა ხერსონის ოლქში, სოფელი ნოვოდმიტროვკა არტილერიით დაბომბა. ინფორმაციას ხერსონის პროკურატურა ავრცელებს.

საარტილერიო იერიშს 6 წლის ბავშვი სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილის 13 წლის ძმა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 სექტემბერს, დაახლოებით 00:00 საათზე ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი ნოვოდმიტროვკა არტილერიით დაბომბეს. მტრის ჭურვები კერძო სახლს და მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო 6 წლის ბავშვმა. მისი 13 წლის ძმა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა". – წერია ხერსონის პროკურატურის განცხადებაში.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით განვლილ 24 საათში რუსეთმა ოლქი 82-ჯერ დაბომბა. ოლქს არტილერიით, ტანკებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, ავიაციით, ნაღმმტყორცნებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით ბომბავდნენ. სულ ხერსონის მიმართულებით 433 ჭურვია ნასროლი.

რუსი სამხედროები პრაქტიკულად ყოველდღიურად ბომბავენ ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილს.

კომენტარები