რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერგეი ლავროვის თქმით, აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს

"რაც ხდება, არის ის, რომ უკრაინას მრავალი წელია ამზადებენ, რათა საკუთარი ხელებითა და სხეულით იბრძოლოს იმისთვის, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს. რაც არ უნდა თქვან, ისინი [აშშ] აწარმოებენ ამ ომს, ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით, დაზვერვით, სატელიტური მონაცემებით - ისინი აწარმოებენ ომს ჩვენ წინააღმდეგ". - თქვა ლავროვმა.

ასე გამოეხმაურა ლავროვი ვაშინგტონის შესაძლო გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ.


ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტები დაუყოვნებლივ გადასცეს.

"ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ ტაქტიკური სარაკეტო სისტემები [ATACMS] უკრაინაში. ამის გადადება კიდევ უფრო დააზიანებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გაახანგრძლივებს ამ კონფლიქტს." - წერია განცხადებაში.

სენატორების თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება მისი ამჟამინდელი კონტრშეტევისა და შემდგომი ოპერაციების წარმატების ალბათობას მაქსიმალურად გაზრდის.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხზე. 

კომენტარები