პუტინის რუსეთი

პუტინის მხარდამჭერი MMA-ის მებრძოლი ჯეფ მონსონი ბაშკირეთის დეპუტატი გახდა

ჯეფ მონსონი რუსული პასპორტით, მოსკოვი, 2018 წელი
TASS/Mikhail Pochuyev

MMA-ის მებრძოლი ჯეფ მონსონი ბაშკირეთის პარლამენტის (ყურულთაი) დეპუტატად აირჩიეს. 

მონსონი Единая Россия-ის პარტიულ სიაში მეხუთე ნომრად ეწერა. პარტიამ ბაშკირეთის ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 110 პარლამენტარიდან 87 სახელისუფლებო პარტიის წევრია.

ბაშკირეთი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკაა.

პუტინის მხარდამჭერმა სპორტსმენმა 2018 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ქალაქ კრასნოგორსკის საკრებულოს დეპუტატი გახდა. 2023 წელს მონსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია MMA-ის მებრძოლმა ასე შეაფასა:

"აშშ უკრაინაში ნაცისტებს უჭერს მხარს. უბრალო იდეები აქვთ: ღარიბი უკრაინა, ასეთი დემოკრატიული, ასეთი მშვენიერი. ზელენსკიმ სრულიად აკრძალა ყველა ოპოზიციური ძალა. მან დახურა ყველა მედია, ვინც მისი წინააღმდეგი იყო. ის მხარს უჭერს და იარაღით უზრუნველყოფს ნაცისტ ჯარისკაცებს. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის დიქტატურის საწყისები".

რუსეთის სახელით მოასპარეზე 52 წლის ჯეფ მონსონი MMA-ის პროფესიონალი მებრძოლია, რომელსაც ანგარიშზე 61 გამარჯვება, 26 მარცხი და ორი ფრე აქვს.

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი და ჯეფ მონსონი, მოსკოვი, ლენინის მავზოლეუმი

 

კომენტარები