რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი მუშახელის გაზრდილ დეფიციტს განიცდის – ბრიტანეთის დაზვერვა

Bloomberg

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, მობილიზაციის გამო რუსეთში მუშახელის დეფიციტი ზრდას განაგრძობს. 

ბრიტანეთის დაზვერვა ეგორ გაიდარის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში სამუშაო ძალის დეფიციტმა 2023 წლის ივლისში რეკორდულ ნიშნულს, 42%-ს მიაღწია. 

ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, რუსეთში მუშახელის დეფიციტი განსაკუთრებით შესამჩნევია IT სექტორში – 2022 წელს დაახლოებით 100 000-მა IT სპეციალისტმა დატოვა რუსეთი, რაც მთლიანი სექტორის 10%-ია.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, პრობლემის სიმწვავეზე, სავარაუდოდ, მიუთითებს ისიც, რომ რუსეთმა განსაკუთრებული ზომები მიიღო ამ სექტორში დეფიციტის შესამცირებლად. 2023 წლის 4 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას IT მუშაკებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის ასაკის 27 წლიდან 30 წლამდე გაზრდის შესახებ.

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთის სამხედრო ძალები 420 000 ადამიანის მობილიზებას ისახავს მიზნად. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, 3 სექტემბრისთვის 280 000 ადამიანი იყო მობილიზებული. თუმცა როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ამ რიცხვის გადამოწმება ვერ ხერხდება. 

2024 წლის მარტში დანიშნულია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის ხელისუფლება დამატებითი მობილიზაციის გამოცხადებას თავს აარიდებს.

კომენტარები