რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების შესახებ კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობის არ სჯერა. ამის შესახებ მან 8-9 სექტემბერს გამართულ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა გვესმის, რომ პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა - და თქვენ ხედავთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი." - ამბობს ჯონსონი.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  CNN-თან ინტერვიუში კრემლან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაგმო. ზელენსკიმ თქვა, რომ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი, რომლის თვითმფრინავიც მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც ის მოსკოვის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხს ხელმძღვანელობდა - გვიჩვენებს, თუ რა ხდება, როდესაც ხალხი რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან გარიგებებს დებს.

"როდესაც გინდა ვინმესთან კომპრომისი ან დიალოგი, ამას მატყუარასთან ვერ გააკეთებ." - თქვა ზელენსკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და სხვა მთავარი უკრაინელი მოკავშირეები კიევისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებენ და ხაზს უსვამენ, რომ პირობები ჯერ კიდევ არ არის შექმნილი "სამართლიანი და გამძლე" მშვიდობის მისაღწევად, მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა ამბობს, რომ ომის დასრულების პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. ამის პასუხად ზელენსკიმ ინტერვიუში მაგალითად მოიყვანა ის ქვეყნები, რომლებსაც თავს რუსეთი დაესხა და მათ ნაწილობრივ ოკუპირებას აგრძელებს.

"ნახეთ რაიმე კომპრომისი პუტინის მხრიდან სხვა საკითხებში? ჩეჩნეთში? საქართველოში? მოლდოვაში?" - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები