ხანძარი ეროვნულ არქივში

SOVLAB: ტრაგედია წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე და დესტრუქციულ მიდგომას

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Facebook-ზე წერს, რომ ეროვნული არქივის კინოფირების საცავში გაჩენილი ხანძარი მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე და დესტრუქციულ მიდგომაზე მიუთითებს.

"8 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული კინოფირები გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს არქივებზე წვდომას". - წერია განცხადებაში.

სოვლაბი აღნიშნავს, რომ სწორედ არქივებზე შეზღუდული წვდომის გამო, სახელმწიფოს მხრიდან იმის მტკიცება, რომ ყველა დამწვარი ფირი გაციფრულებულია, ნდობას არ იმსახურებს და შემთხვევის სათანადო გამოძიებას ითხოვს.

"მოვითხოვთ: კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალურ კონტროლს, გამჭვირვალეობას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას; კატასტროფაზე როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური პასუხისმგებლობის დაკისრებას". - ვკითხულობთ პოსტში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემთხვევა ცხადყოფს, ეროვნული არქივის დახურული სისტემის საზოგადოებრივ კონტროლს დასაქვემდებარებლად წნეხის გაზრდას და არქივების შესანახად შესაბამისი პირობების შექმნას.

"ცნობისათვის, კომუნისტური პარტიის უზარმაზარი არქივი, რომელშიც უნიკალური წყაროებია თავმოყრილი, მუხიანში სილქნეტის შენობის მეოთხე სართულზეა შეხიზნული სრულიად შეუფერებელ და სახიფათო პირობებში. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივი, რომლის მნიშვნელობა განმარტებასაც არ საჭიროებს, პოლიციის აკადემიის ეზოში ყოფილ დამხმარე ნაგებობაშია მოთავსებული, მოქმედი სასროლეთის გვერდით. ასეთ რთულ პირობებშიც კი, მკვლევრებს სახელმწიფო უკრძალავს, დოკუმენტებს საკუთარი ტექნიკური საშუალებებით გადაუღონ ფოტოები და პერსონალური მონაცემების კანონის მავნებლური ინტერპრეტაციით, მათ განზრახ ხელს უშლის უახლესი წარსულის კვლევაში". - წერს სოვლაბი.

საქართველოს ეროვნული არქივის კინოფირების საცავში ცეცხლი 8 სექტემბერს გაჩნდა. ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ დაზიანებული ორიგინალი კინოფირები გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება.

კომენტარები