გერმანია-საქართველო

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

30 აგვისტოს გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეიზერის შემოთავაზებული კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად დასახელდა.

ნენსი ფეიზერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვაში მოქალაქეებს, როგორც წესი, პოლიტიკური დევნა არ ემუქრებათ და ქვეყნებისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭება გერმანიას საშუალებას მისცემს, არალეგალი მიგრანტები ქვეყნიდან გააძევოს.

გადაწყვეტილებით შესაძლებელი ხდება ქართველი და მოლდოველი თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების აპლიკაციების უფრო სწრაფად განხილვა, რაც, აპლიკანტის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მის დეპორტაციასაც დაასწრაფებს.

გასულ წელს გერმანიის მთავრობას თავშესაფრის მოთხოვნით 8 865-მა ქართველმა და 5 218-მა მოლდოველმა მიმართა. გერმანიის შსს-ს ცნობით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნიდან მიღებული აპლიკაციების 99.9% არ დააკმაყოფილეს.

ლტოლვილთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Pro Asyl-მა გერმანიის მთავრობის ნაბიჯი საქართველოსა და მოლდოვას მიმართ გააკრიტიკა. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთი ორივე ქვეყანაში სეპარატისტულ რეგიონებს იკავებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხოებას.

Pro Asyl-მა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კანონის უზენაესობის პრობლემას LGBT+ საზოგადოების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და პრესის თავისუფლების პრობლემას მოლდოვაში.

კომენტარები