ქართველი მეზღვაურები

ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტი გადაარჩინეს

გიორგი გოგიტიძე/ბათუმელები

ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით ატლანტოს ოკეანეში 10 ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავი კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ, თენგიზ დიასამიძემ შენიშნა.

"როგორც აღმოჩნდა, მიგრანტები მაროკოდან ესპანეთის სანაპირომდე მიცურვას ცდილობდნენ, როცა ამინდი გაუარესდა და დინებამ ისინი სხვა მხარეს გაიტაცა. ნავზე მყოფნი 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე შუა ოკეანეში იმყოფებოდნენ.

[კაპიტნის] უფროსმა თანაშემწემ, თენგო დიასამიძემ შეამჩნია ღია ოკეანეში. "ვახტაზე" იდგა და დაინახა პატარა ნავი. დურბინდით რომ გაიხედა, ნავზე მყოფები შველას ითხოვდნენ. მაშინვე შეატყობინა კაპიტანს, ალეკო სურმანიძეს. კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით". - უყვება ბათუმელებს მეზღვაური გიორგი გოგიტიძე.

გოგიტიძის თქმით, ნავზე მყოფი ყველა პირი 16-18 წლის ახალგაზრდა იყო.

"ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა".- აცხადებს საზღვაო სააგენტო.

გემი, რომელმაც მიგრანტები აიყვანა, ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, ეკიპაჟი კი ქართულ-თურქული იყო.

კომენტარები