ხანძარი საბერძნეთში

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 79 პირი დააკავეს

Achilleas Chiras/Associated Press

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 79 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი ავრცელებს.

მისი თქმით, რამდენიმე პირი ცდილობდა ათენის ჩრდილო-დასავლეთით პარნითას მთაზე ხანძრის დამატებითი კერების გაჩენას. 

"ნაძირლები აჩენენ ხანძრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ტყეებს, კერძო საკუთრებებს და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანთა სიცოცხლეებს. ეს არ გაგივათ, გიპოვით და პასუხი მოგეთხოვებათ". – თქვა კიკილიასმა საგანგებო ბრიფინგზე. 

ჩრდილოეთ საბერძნეთში, სადაც ქვეყანა რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვის, ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას სახანძრო სამსახური ავრცელებს.

დაღუპულები, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ. ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან გაუჩინარების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, არსებობს ვარაუდი, რომ ესენი ქვეყანაში არალეგალურად იყვნენ შემოსული." - ამბობს სახანძრო სამასახური.

19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელი ევაკუირებულია.

ამჟამად, მზარდ ხანძართან გამკლავებას თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისის მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობენ. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის თქმით, ხანძარი რეგიონში 4 დღის წინ გაჩნდა და ახლა ქალაქთან ახლოს მდებარე 13 დასახლებიდან ხალხი ევაკუირებულია. სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპული.

ხანძრის კერებია ცენტრალური საბერძნეთის კუნძულ ევიასა და ბეოტიაზეც, ისევე როგორც აღმოსავლეთ როდოპის რეგიონში და ჩრდილოეთის ქალაქ კავალაში.

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, საბერძნეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელიც ამჟამად ტყის ხანძრის უკიდურესი რისკის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები