რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ენერგოდარში ე.წ. პოლიციის მაღალჩინოსნების შეხვედრას დრონით დაესხა თავს

სქრინი დრონით თავდასხმის ამსახველი ვიდეოდან
SCREENSHOT OF VIDEO FROM THE DEFENCE INTELLIGENCE

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში ოკუპანტების ადმინისტრაციის ე.წ. პოლიციის მაღალჩინოსნების შეხვედრისას აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციის უფროსის კაბინეტს, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, დრონით დაესხნენ თავს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით თავდასხმის შედეგად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი, პაველ ჩესანოვი, მისი ოპერატიული მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი და რიგი სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაიჭრნენ. ისინი აფეთქებიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმების შემდეგ ოკუპირებული მელიტოპოლიდან სასწრაფო დახმარების სამი მანქანა გამოიძახეს. დაჭრილებს სავარაუდოდ მელიტოპოლში გადაიყვანენ, საიდანაც სამხედრო ვერტმფრენით მათ რუსეთში გადააფრენენ.

თავდასხმის შემდეგ შენობას, სადაც შეხვედრა იმართებოდა, ცეცხლი გაუჩნდა და ამ დროისთვის ენერგოდარის ეს უბანი მთლიანად გადაკეტილია. ქალაქში შეიზღუდა გადაადგილება და ინტერნეტთან წვდომაც.

მელიტოპოლის უკრაინელი მერი, ივან ფედოროვი თავის Telegram-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბუდიველნიკოვის 17-ში მდებარე ამ შენობაში წამების პალატაც არის განთავსებული.

კომენტარები