სოროსის ფონდი

სოროსის ფონდები ევროკავშირში პროგრამების უმეტესობის დაფინანსებას წყვეტს

ალექს სოროსი
Jason Alden/Bloomberg via Getty Images

ღია საზოგადოების ფონდებში (OSF) გაერთიანებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ჯორჯ სოროსის $25 მილიარდის ღირებულების ოჯახური აქტივებს აკონტროლებს, ევროკავშირში თავისი ოპერაციების დიდი ნაწილის დასრულებას გეგმავს. გადაწყვეტილება ჯორჯ სოროსის ვაჟის ხელმძღვანელობის პირობებში მიიღეს.

ივნისში ჯორჯ სოროსმა ფონდებზე კონტროლი თავის შვილს, ალექსანდრ სოროსს გადასცა, რომელმაც საქველმოქმედო პროექტების ფარგლებში ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვის გასაცემი თანხების მინიმუმ 40%-ით შემცირება მაშინვე დააანონსა.

საერთაშორისო მედია ანონიმური წყაროს მიერ უნგრეთში გრანტის მიმღებთათვის გაგზავნილი OSF-ს წერილს იმოწმებს, სადაც EU-თვის დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზად ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მთავრობების დემოკრატიზაციის, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების, პლურალიზმის საკმაოდ კარგი დონეა დასახელებული. 

"ახალი სტრატეგიული მიმართულება ითვალისწინებს ევროკავშირში ჩვენი ამჟამინდელი მუშაობის დიდი ნაწილის შეწყვეტას, ჩვენი ფოკუსის გადატანას და რესურსების განაწილებას მსოფლიოს სხვა ნაწილებზე". - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც ბერლინში მდებარე OSF-ის შტაბ-ბინის თანამშრომლებს გაეგზავნათ.

ფონდები სულ 120 ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის, OSF-ს ევროკავშირში შემავალ ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში არაერთი პროექტი დაუფინანსებია. ისინი მოიცავდნენ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავდა დემოკრატიის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სიღარიბისა და დისკრიმინაციის პრობლემების შემსუბუქებას. ფონდი ასევე ევროკავშირის არაწევრ ევროპულ და აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნისთვისაც გასცემს თანხებს. 

ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში 25 წელია მოქმედებს. ტაბულა OSF-ს ადგილობრივ წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომლიც ინფორმაციით, საქართველოს პროგრამებს ცვლილება არ შეეხება.

კომენტარები