რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ოლქში რუსეთის დაკავების ცენტრებში მყოფ უკრაინელთა თითქმის ნახევარი აწამეს – კვლევა

2 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხერსონის ოლქში რუსული დაკავების ცენტრებში მყოფი უკრაინელების თითქმის ნახევარს აწამებდნენ და მათზე სექსუალურად ძალადობდნენ

ანგარიში ხერსონის ოლქში დაკავების 320 შემთხვევას ასახავს. ის შედგენილია Mobile Justice გუნდის მიერ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაფინანსებული Atrocity Crimes Advisory Group (ACA) ნაწილია და შეიქმნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო იურიდიული ფირმისა და ფონდის მიერ, Global Rights Compliance, უკრაინის გენერალური პროკურატურის მხარდასაჭერად (OPG).

მსხვერპლთაგან, სულ მცირე, 43%-მა დაკავების ცენტრებში წამების პრაქტიკაზე და სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრა. რუსი მცველების მიერ ძალადობა ხორციელდებოდა როგორც კაცებზე, ისე ქალებზე.

ანგარიშის თანახმად, მინიმუმ 36-მა ადამიანმა დაკითხვის დროს ელექტროშოკის გამოყენების შემთხვევა აღნიშნა. ამასთან, რუსი მცველები გენიტალურ ელექტროშოკსაც იყენებდნენ. რამდენიმე მსხვერპლმა სასქესო ორგანოების დასახიჩრების მუქარაზეც ისაუბრა. მინიმუმ ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ის შეესწრო ერთ-ერთი დაკავებულის გაუპატიურებას უცხო საგნით, რომელიც პრეზერვატივით იყო დაფარული. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსი მცველები მსხვერპლთა წინააღმდეგ სხვა ხერხებსაც იყენებდნენ, როგორიცაა დახრჩობის მცდელობა, გაუპატიურების მუქარა და სხვ. უფროსმა იურიდიულმა მრჩეველმა და უკრაინის ქვეყნის მენეჯერმა გლობალური უფლებების დაცვის საკითხებში, ანა მიკიტენკომ თქვა, რომ გაუპატიურების და წამების ეს ნიმუშები მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე, აღმოფხვრას უკრაინული იდენტობა. 

"არსებობს უკრაინული იდენტობის განადგურების ან აღმოფხვრის ერთგვარი განზრახვა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს, რომ დაჭერილებს უკრაინის დროშები ან სხვა სახელმწიფო სიმბოლოები ჰქონდათ". - თქვა მან. 

ადვოკატი და მმართველი პარტნიორი და Global Rights Compliance-ის თანადამფუძნებელი, უეინ ჯორდაში ანალოგიურ შეხედულებას იზიარებს. 

"წამებისა და სექსუალური ძალადობის ტაქტიკა, რომელსაც პროკურატურა ხერსონის დაკავების ცენტრებში ავლენს, ცხადყოფს, რომ პუტინის გეგმა უკრაინული იდენტობის აღმოსაფხვრელად მოიცავს გენოციდის დანაშაულებს. - თქვა მან.

მიკიტენკოს სჯერა, რომ ხერსონში ნანახი ზოგიერთი ნიმუში საბოლოოდ შეიძლება გენოციდად ჩაითვალოს, თუმცა ის აღიარებს, რომ ამის დამტკიცება რთულია და დამატებით გამოძიებას საჭიროებს.

"არსებობს [გენოციდის] გარკვეული ინდიკატორები". ამბობს ის. "გენოციდი არის ძალიან რთული დასამტკიცებელი დანაშაული, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საკმარისი მხარდაჭერა გავუწიოთ გენერალურ პროკურატურას, რათა მათ შეძლონ და დაადგინონ, ადასტურებს თუ არა მტკიცებულებები ამ დასკვნას". - თქვა მიკიტენკომ.

რუსეთმა არაერთხელ უარყო უკრაინაში წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებები, მიუხედავად მტკიცებულებებისა, რომელიც შედგენილი და გაზიარებული იყო საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ. რუსი ოფიციალური პირები ამ ანგარიშზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები