რუსეთის ბლოკადა

სამმა გემმა, მათ შორის, თურქულ-ქართულმა შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია – Forbes

Daniel Mihailescu/AFP via Getty Images

30 ივლისს სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია და დუნაის დელტაში მდებარე უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ პორტში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა, Forbes-ი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, პორტში ისრაელის, საბერძნეთის და თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე გემები შევიდნენ. 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გემების გადაადგილებას იზმაილისკენ, უკრაინის პატარა პორტისკენ, რომელიც რუმინეთის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე დუნაიზე მდებარეობს, NATO-ს 4 სამხედრო თვითმფრინავი აკვირდებოდა. Forbes-ის ვარაუდით, გემები მარცვლეულს ჩატვირთავენ იზმაილში, შემდეგ კი ისევ შავი ზღვის გავლით და უცხოეთის პორტებისკენ გაემართებიან. 

გამოცემის ცნობით, ისრაელის გემი, ისევე როგორც ბერძნული ხომალდი ბოსფორის სრუტიდან ჩრდილოეთით მიცურავდა, ხოლო თურქულ-ქართული გემი ჩრდილოეთ თურქეთიდან დასავლეთისკენ.

როგორც Forbes-ი აღნიშნავს, სამივე გემი ღიად მოქმედებდა - ყველა მათგანმა ჩართო რადიო ტრანსპონდერები, რითაც მათი მდებარეობა და კურსი ხილული გახადა ყველასთვის, ვისაც ინტერნეტსა და გემების ადგილსამყოფლის დასადგენ ვებსაიტებზე აქვს წვდომა. 

"ცნობები იმის შესახებ, რომ სამმა სამოქალაქო გემმა უკრაინამდე შეუფერხებლად მიაღწია, შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ დროისთვის რუსეთს გემების ჩხრეკა არ სურს ან არ შეუძლია". - აღნიშნავს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.

Forbes-ის თანახმად, რუსები ოდესას რაკეტებით რეგულარულად ესხმიან თავს, მაგრამ იერიშის მიტანის მცდელობები დუნაის პორტებზე ნაკლებად ხშირია, სავარაუდოდ, ამ პორტების NATO-ს ტერიტორიასთან სიახლოვის გამო. იზმაილიდან რუმინეთის მიწამდე სულ რამდენიმე ასეული იარდია. 24 ივლისს კი რუსულმა უპილოტო თვითმფრინავმა დაარტყა უკრაინის კიდევ ერთ პორტს, რომელიც დუნაის სანაპიროზე და შესაბამისად, რუმინეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. 

კომენტარები