როინ შავაძე

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 10 პირს პატიმრობა შეუფარდა

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განაჩენი დაუსწრებლად გამოაცხადა, რადგან მათზე ძებნაა გამოცხადებული.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის "სპეცსამსახურებთან" თანამშრომლობდა. მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა.

მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ  სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს "კუდ"-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

კომენტარები