შიდსი

2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა 16.4%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა 16.4%-ით გაიზარდა, ხოლო კუმულატიური რაოდენობა 9 779 ერთეულს შეადგენს. ამავე ინფორმაციით, 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა გამოვლინდა. 

საქსტატის გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.

ამასთანავე, 2022 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 3.5%-ით შემცირდა.

"წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7%-ით, სასუნთქი სისტემის დაავადებები - 36.0%-ით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 12.5%-ით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 11.3%-ით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 9.0%-ით. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს დაფიქსირდა". - ვკითხულობთ საქსტატის გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

ამავე ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 269 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი კი 17 900-ს შეადგენდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 13.0%-ით ნაკლებია.

გარდა ამისა, 2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23 900 შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22 000.

კომენტარები