რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

AP: აშშ უკრაინას დამატებით $400-მილიონიან სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ამერიკელი სამხედროები Stryker-ის საბრძოლო მანქანასთან გერმანიაში
Michael Probst/AP

AP News-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას დამატებითი 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყოს. პაკეტში იქნება სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და სამხედრო ტექნოლოგიები. ამის შესახებ მედიასთან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს.

AP-ს წყაროების ცნობით, დახმარების პაკეტში შედის HIMARS-სისა და NASAMS-ის რაკეტები, სტინგერები და ჯაველინები. ამას გარდა, აშშ უკრაინას უგზავნის Stryker-ის ტიპის 32 საბრძოლო მანქანას, ჰაუბიცების ჭურვებს, Hydra-70-ის ტიპის რაკეტებსა და მცირე ზომის ნანო-დრონებს - Hornet-ებს, რომლებიც დაზვერვისთვის გამოიყენება. უკრაინამ წარსულში მსგავსი დრონები სხვა დასავლელი მოკავშირეებისგანაც მიიღო.

საერთო ჯამში, ამ დრომდე, აშშ-მ კიევს 41 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.

კომენტარები