რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი უვნებელყო

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი პოპკოს თქმით, 25 ივლისის ღამეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ უვნებელყო მოწინააღმდეგის მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისთვის რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ირანული წარმოების დრონები გამოიყენეს. პოპკოს არ დაუზუსტებია უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა. მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანდა.

როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა აღნიშნა, ეს ამ თვეში უკრაინის დედაქალაქზე მოწყობილი მეექვსე თავდასხმაა. 

ცნობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გააქტიურების შესახებ გაავრცელა კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამაც.

ამას გარდა, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, რუსებმა კასეტური ჭურვებით დაბომბეს ქალაქი კონსტანტინოვკა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 10 წლის ბავშვი, დაშავდა, სულ მცირე, 7 მოქალაქე.

კომენტარები