ყირიმის ხიდზე მანქანებისთვის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა – რუსეთი

DEPUTY PRIME MINISTER MARAT KHUSNULLIN/TELEGRAM

რუსეთის მთავრობის მტკიცებით, ხიდი, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ  ნაწილობრივ გაიხსნა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მანქანები ქერჩის სრუტეზე ხიდის ერთ ზოლს იყენებდნენ.

ხიდზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა დამსვენებელი წყვილი და დაიჭრა მათი ქალიშვილი. რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

როგორც უკრაინსკა პრავდას წყაროები ამბობენ, ხიდზე იერიში მიიტანეს და ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (СБУ) და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. ამავე ინფორმაციით, ხიდზე იერიში საზღვაო დრონებით განხორციელდა. მედიას ამის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

რუსეთმა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, თუმცა უარყოფს, რომ ამ უკანასკნელის მიზეზი თავდასხმის გამო შურისძიებაა.

დღეს, 18 ივლისს რუსეთმა უკრაინის სამხრეთის რეგიონებზე ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიშები მიიტანა. მთავარი სამიზნე საპორტო ქალაქი ოდესა იყო.

გასულ დღეს, 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები