რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ ჩვენ წინააღმდეგ კასეტურ ჭურვებს გამოიყენებენ, საპასუხო ზომებს მივიღებთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, 16 ივნისი, 2023.
Alexei Danichev/Photo host Agency RIA Novosti via AP

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს კასეტური ჭურვების საკმარისი მარაგი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში რუსი სამხედროების მიმართ მსგავს იარაღს გამოიყენებენ, თავადაც ანალოგიურ ძალებს მიმართავს. 

"რა საკვირველია, თუკი მათ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს საპასუხო ზომები მივიღოთ". - აღნიშნა პუტინმა.


აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს გადასცემს. ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს. კასეტური ჭურვებს კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა.

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების ერთსულოვანი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გერმანია უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგი იყო. კასეტური ბომბების გამოყენების წინააღმდეგი იყო გაეროს გენერალური მდივანიც.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობდნენ, რომ მსგავს ჭურვებს ომის დასრულების შემდეგ ადამიანთა დაშავება შეუძლია. იგივე საკითხი აწუხებდათ თეთრ სახლშიც. თუმცა კასეტურ ბომბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეეძლებათ მაშინ, როცა კონფლიქტი კრიტიკულ ფაზაშია. სწორედ ამიტომ, კაპიტოლიუმში ბევრი კანონმდებლის შეხედულებები შეიცვალა, როგორც ამას გამოცემა WSJ აღნიშნავს.

კასეტური იარაღის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონვენციას ხელი მოწერილი აქვს 110 ქვეყანაზე მეტს, თუმცა სიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყანა არ შედის. კონვენციაზე ხელი არ მოუწერიათ აშშ-ს, უკრაინას, რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, სამხრეთ კორეას, ესტონეთს, ფინეთს, ლატვიას, პოლონეთს, რუმინეთს, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობას.

კასეტური ჭურვები მცირე ზომის ბომბებს შეიცავს, რომლებიც გასროლის შემდეგ ფართო ტერიტორიას ფარავს.

კომენტარები