წყალდიდობა სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა

REUTERS/Kim Hong-ji

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 პირს კიდევ ეძებენ. 

წყალდიდობა და მეწყერი სამხრეთ კორეაში ხანგრძლივ ძლიერ წვიმას მოჰყვა. უამინდობა 9 ივლისიდან გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით 7 866 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. დროებით თავშესაფარში 2 000-ზე მეტი მოსახლე იმყოფება. არსებული მდგომარეობის გამო შეფერხებულია ელექტრო ენერგიის მიწოდებაც. 

სამაშველო სამუშაოების შედეგად ჩენგჟუს გვირაბიდან 7 ცხედრის ამოყვანა მოხერხდა. მყვინთავები ძებნას განაგრძობენ. გვირაბი 15 ივლისის დილით დაიტბორა. მასში ჩარჩენილმა ადამიანებმა გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. 

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სამაშველო სამუშაოებში 15 მანქანა მონაწილეობს. 

"სამძებრო სამუშაოებზე ვართ კონცენტრირებული, რადგან სავარაუდოდ კიდევ მეტი ადამიანია [დაკარგული]. ყველანაირად ვცდილობთ, რომ საქმეს დღეს მოვრჩეთ". - აღნიშნა სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა. 

კომენტარები