რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ეს ჩვენს დღის წესრიგში არაა" – პესკოვი თავდაცვისა და 58-ე არმიის მეთაურის დაპირსპირებაზე

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან არ გააკეთა კომენტარი შეკითხვაზე, რომელიც 58-ე არმიის უკვე ყოფილი მეთაურისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დაპირისპირებას ეხებოდა. პრესსპიკერის თქმით, ეს საკითხი კრემლის დღის წესრიგში არ შედის.

"კომენტარს არ ვაკეთებთ. საუბარია სამხედროებზე, თავდაცვის სამინისტროზე, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა კომენტარებისთვის მათ მიმართოთ. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია". – უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, არის თუ არა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომხდარი დაპირისპირების საქმის კურსში.

გასულ დღეებში რუსეთის 58-ე საერთო არმიის  გენერალ-მაიორმა ივან პოპოვმა თქვა, რომ ის გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ისაუბრა მიმართვაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და 58-ე არმიის ყოფილმა მეთაურმა ანდრეი გურულიოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.

პოპოვი ამბობდა, რომ მას რთული ვითარება შეექმნა სამხედრო ხელმძღვანელობასთან და ან უნდა გაჩუმებულიყო, ან "ყველაფრისთვის თავისი სახელი" უნდა დაერქმია. მიმართვაში 58-ე არმიის ყოფილი მეთაური ამბობდა, რომ "მკაცრად" გაუსვა ხაზი რუსეთის ჯარის პრობლემებს და აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები მასობრივად იღუპებიან მოწინააღმდეგის საარტილერიო დარტყმების შედეგად. 58-ე არმიის ყოფილმა მეთაურმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ღალატი და მდაბიოება უწოდა.

აქამდე პოპოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა GREY ZONE-მა გაავრცელა. მათი ცნობით, 58-ე არმიის მეთაური მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა და ქვედანაყოფებში როტაციის ჩატარება შესთავაზა. GREY ZONE-ის ცნობით, ანგარიშის პასუხად გერასიმოვმა თქვა, რომ პოპოვი "დაკავებულია დეზინფორმაციითა და პანიკიორობით".

რუსეთის 58-ე არმია უკრაინაში ზაპოროჟიეს მიმართულებით იბრძვის. ეს დანაყოფი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა, როცა მას გენერალი ანატოლი ხრულიოვი მეთაურობდა.

კომენტარები