რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7-მა უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაცია მიიღო

G7-ისა და უკრაინის ლიდერები ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, 2023 წლის 12 ივლისი.

ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დიდმა შვიდეულმა მოამზადა საერთო დეკლარაცია, რითაც უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს გზა გაუხსნა. დეკლრაცაიის მიზანია, რომ უკრაინამ გააძლიეროს თავისი თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ და მოსკოვი შეაკავოს მომავალი აგრესიისგან.

უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაცია

"ჩვენ, შვიდეულის ჯგუფის (G7) ლიდერები ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული უკრაინის სტრატეგიული მიზნისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს მომავალი აგრესია.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში არის საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევა, მათ შორის გაეროს წესდებისა და შეუთავსებელია ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებთან. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რადგან ის იცავს თავს რუსული აგრესიისგან, მანამ, სანამ დასჭირდება.

ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინისადმი მუდმივ მხარდაჭერაში, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და ინტერესებსა, უპირველეს ყოვლისა, გაეროს წესდებისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემაზე.

დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რადგან ის იცავს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღადგენს თავის ეკონომიკას. იცავს თავის მოქალაქეებს და ესწრაფვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ჩვენ მივმართავთ ჩვენს გუნდებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ეს დისკუსიები.

თითოეული ჩვენგანი ვიმუშავებთ უკრაინასთან კონკრეტულ, ორმხრივ, გრძელვადიან ვალდებულებებსა და შეთანხმებებზე:

ა) მდგრადი ძალის უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია ახლა უკრაინის დაცვა და მომავალში რუსეთის აგრესიის შეკავება, უწყვეტი უზრუნველყოფის გზით:

  • უსაფრთხოების დახმარება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში.

  • უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა;

  • უკრაინული ძალების გაწვრთნა;

  • დაზვერვის გაზიარება და თანამშრომლობა;

  • კიბერთავდაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის ინიციატივების მხარდაჭერა, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ;

ბ) უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერება, მათ შორის რეკონსტრუქციისა და აღდგენის გზით, რათა შეიქმნას პირობები უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, მათ შორის მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის;

გ) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებებისთვის, რომლებიც რუსეთთან ომმა გამოიწვია, ასევე, რათა უკრაინამ გააგრძელოს ეფექტური რეფორმების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს კარგ მმართველობას, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ წინსვლისთვის.

რუსეთის მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ დაუყოვნებლივ კონსულტაციებს უკრაინასთან, რათა განვსაზღვროთ შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად ვაპირებთ, რომ მივაწოდოთ უკრაინას უსაფრთხოების სწრაფი და მდგრადი დახმარება, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სფეროებში და ეკონომიკური დახმარება, დავაკისროთ რუსეთს ეკონომიკური და სხვა ხარჯები და გავიაროთ კონსულტაციები უკრაინასთან მისი საჭიროებების მიხედვით, რადგან ის იყენებს გაეროს წესდების 51-ე მუხლში გათვალისწინებული თავდაცვის უფლებას. ამ მიზნით, ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან უსაფრთხოების ვალდებულებებისა და შეთანხმებების გაძლიერებულ პაკეტზე მომავალი აგრესიის შემთხვევაში, რათა უკრაინამ თავისი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებისა, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებით:

არ უნდა დარჩეს დაუსჯელი ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკეები. ამ კონტექსტში, ჩვენ გავაგრძელებთ პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის იმ საერთაშორისო მექანიზმების მხარდაჭერით, როგორიცაა, მაგალითად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC).

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენს იურისდიქციებში არსებული რუსეთის სუვერენული აქტივები დარჩება უმოძრაოდ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის არ გადაიხდის. ჩვენ ვხედავთ რუსული აგრესიით გამოწვეული ზიანის, დანაკარგის ან დაზიანებების ანაზღაურების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბების აუცილებლობას და გამოვთქვამთ მზადყოფნას გამოვიკვლიოთ ვარიანტები შესაბამისი მექანიზმების შემუშავებისთვის.

თავის მხრივ, უკრაინას ევალება:

პოზიტიური წვლილი შეიტანოს პარტნიორის უსაფრთხოებაში და გაძლიეროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზომები პარტნიორების დახმარებასთან დაკავშირებით;

ა) სამართალდამცავი, სასამართლო, ანტიკორუფციული, კორპორაციული მმართველობის, ეკონომიკური, უსაფრთხოების სექტორისა და სახელმწიფო მართვის რეფორმების განხორციელების გაგრძელება, რითაც ხაზს გაუსვამს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლებების პატივისცემისადმი და დააყენებს მის ეკონომიკას მდგრად გზაზე;

ბ) თავდაცვის რეფორმების გაუმჯობესება და მოდერნიზაცია, მათ შორის სამხედრო დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებით და ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებით უკრაინის თავდაცვის ინსტიტუტებსა და ინდუსტრიაში;

ეს ძალისხმევა გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინა ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მომავალი წევრობის გზას მიჰყვება.

სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ ამ ძალისხმევაში, რათა უზრუნველყონ თავისუფალი, ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა, შეუძლიათ ნებისმიერ დროს შემოუერთდნენ ამ ერთობლივ დეკლარაციას."

კომენტარები