საქართველო-NATO

FAZ: NATO-მ ღარიბაშვილს განუმარტა, რომ ვილნიუსის სამიტზე სასურველი სტუმარი არ იყო

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს, უკრაინაში ომის "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად" NATO-ს დასახელების შემდეგ, ალიანსმა პრემიერს განუმარტა, რომ "სასურველი სტუმარი არ იყო". ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung წერს.

"რატომ შორდებიან საქართველო და NATO პოლიტიკურად" – სტატია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის NATO-ს სამიტისადმი ღია წერილის განხილვით იწყება, სადაც პაპუაშვილი საქართველოსადმი "უსამართლო მოპყრობას" უსვამს ხაზს.

წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ "ამ ისტორიული მობრუნების წერტილში საქართველოს NATO-სგან გაუცხოება უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ აპატიებს".

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო და უკრაინა ერთად მოიხსენებოდნენ, როდესაც საუბარი იყო ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გაფართოებაზე, თუმცა, დღეს, როდესაც უკრაინა NATO-ს უახლოვდება, საქართველო და ალიანსი ერმანეთს პოლიტიკურად სულ უფრო შორდებიან.

"პროცესი, რომელიც უკვე დიდი ხანია ეტაპობრივად მიმდინარეობს, არ შებრუნებულა ერთი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფონზეც, მეტიც ის უფრო მკვეთრად აჩქარდა. მიუხედავად ამისა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ალიანსში გაწევრიანება უკვე ორი დეკადის განმავლობაში მუდმივად სურს" - აღნიშნავს გამოცემა.

ამასთან, გერმანული გამოცემა სიმპტომს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ვილნიუსის სამიტზე პრემირმინისტრი ღარიბაშვილი არ წარმოადგენს. FAZ-ის ცნობით, ალიანსმა ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის "სასურველი სტუმარი არ იყო".

გამოცემა აღნიშნავს, რომ პაპუაშვილი ამას იმით ხსნის, რომ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ყველაზე აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, სკეპტიკოსებად მხოლოდ იმიტომ იქცნენ, რომ "მათი პოლიტიკური პარტნიორები საქართველოში არა ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში არიან".

ამის მაგალითად, მას ესტონეთის პრემიერ, კაია კალასის ინტერვიუ მოჰყავს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის ალიანსში გაწევრიანების მიზნის რეალურობას. გერმანული გამოცემა კი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების 11-წლიანი მმართველობის განმავლობაში ბალტიის ქვეყნებს თბილისის მიმართ ასეთი კრიტიკული განცხადებები არ გაუვრცელებიათ.

Frankfurter Allgemeine Zeitung აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი სამიტზე სასურველი სტუმარი მას შემდეგ აღარ არის, რაც ბრატისლავაში უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინაში ომის დაწყების "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად NATO და მისი გაფართოება დაასახელა". გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ომის შესახებ რუსული ვერსიის მკაფიო გამეორება იყო და არა წამოცდენა.

"უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ღიად იყენებს ანტიდასავლურ პროპაგანდას. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ დასავლეთს, უკრაინას და ადგილობრივ ოპოზიციას სურთ, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან". - წერს გამოცემა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ "საქართველოს მთავრობა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, რომლებსაც რუსეთთან კავშირები აქვთ შესაძლებლობას აძლევს, რომ დასავლეთი წარმოაჩინონ როგორც მორალური ხრწნის კერა". გამოცემას მაგალითად მოჰყავს, ძალადობრივი თავდასხმები ლგბტ თემზე, რომელიც "ბოლო წლებში უსაფრთხოების ძალებს არ შეუჩერებიათ, პოლიტიკური ლიდერები კი გულისხმიერებას გამოხატავდნენ თავდამსხმელების მიმართ".

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე ოპოზიციური ძალები ზემოხსენებულ თავდასხმებს აპროტესტებდნენ, სახელისუფლებო მედია კი მათ "კულტურისა და ღირებულებების განადგურებაში ადანაშაულებს".

"კრემლი კი ასეთ პოლიტიკას ასაჩუქრებს – მან ახლახან დაუშვა პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლებიც 2019 წელს თბილისში მასობრივი ანტირუსული დემონსტრაციების შემდეგ გაუქმებული იყო". - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, Frankfurter Allgemeine Zeitung ციტირებს, პაპუაშცილის წერილს, სადაც ის წერს, რომ "საქართველომ ფუნდამენტურად შეცვალა მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და ხელისუფლების ავტორიტარული სისტემა უკან მოიტოვა" და ამავდროულად, აღნიშნავს, "სიმართლე საპირისპიროა".

"საქართველო წლებია, ავტორიტარული სისტემისკენ მიდის. ეს ნათელი გახდა წლის დასაწყისში, როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი სამოქალაქო საზოგადოებაში "უცხოელი აგენტების შესახებ", რომელიც რუსული რეპრესიული კანონების მოდელით იყო შექმნილი". - წერს გამოცემა.

როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეფ ხელისუფლებამ კანონი უკან გაიწვია, თუმცა, "ხელისუფლებას არ დაუთმია მიზანი, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მომავალ წელს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ზეწოლის ქვეშ ამყოფოს".

კომენტარები