NATO-ჩინეთი

პეკინმა NATO-ს კომუნიკეში ჩინეთისადმი მკაცრ გზავნილებს უპასუხა

REUTERS/Thomas Peter/File Photo/File Photo

ჩინეთმა მკაცრად უპასუხა NATO-ს ბრალდებებს, რომ ქვეყანა ალიანსის ინტერესებსა და უსაფრთხოებას გამოწვევებს უქმნის და ეწინააღმდეგება ბლოკის ნებისმიერ მცდელობას, გაფართოვდეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში 11-12 ივლისს მიმდინარე NATO-ს სამიტის კომუნიკეში ალიანსმა მკაცრი ფორმულირებით თქვა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უპირისპირდება მის ინტერესებს, უსაფრთხოებასა და ღირებულებებს თავისი "ამბიციებითა და იძულების პოლიტიკით".

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი გავლენის ზონის გასაფართოებლად და ძალაუფლების წარმოსაჩენად პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებს და ამავე დროს თავისი სტრატეგიის, განზრახვებისა და სამხედრო ფორმირების შესახებ გაუმჭვირვალე რჩება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიბრიდული და კიბერ ოპერაციები, მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია მოკავშირეებს იღებს მიზანში და ალიანსის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს". - ამბობენ NATO-ს სახელმწიფო მეთაურები კომუნიკეში.

კომუნიკეს გამოეხმაურა ევროკავშირში ჩინეთის მისიის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ კომუნიკეს ჩინეთთან დაკავშირებული შინაარსი უგულებელყოფს ძირითად ფაქტებს, ამახინჯებს ჩინეთის პოზიციასა და პოლიტიკას და მიზანმიმართულად ახდენს ჩინეთის დისკრედიტაციას.

"ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით და უარვყოფთ ამას". - წერია განცხადებაში.

ჩინეთის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით ჩინეთი ალიანსის "მოწინააღმდეგე" არაა, თუმცა ქვეყანა თავისი "იძულებითი ხასიათის ქცევით" წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს მზარდი გამოწვევების წინაშე აყენებს.

"ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაგმობაზე უარის თქმით, ტაივანზე მუქარითა და არსებითი სამხედრო გაძლიერებით წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს მზარდი გამოწვევების წინაშე აყენებს". - თქვა სტოლტენბერგმა.

მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს თავის კომუნიკეში ტაივანი არ უხსენებია, კუნძულოვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალიანსის გენერალური მდივნის კომენტარი "ძალიან მნიშვნელოვნად" შეაფასა და დასძინა, რომ ტაივანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის დემოკრატიული წევრია და სურს ევროპისა და აშშ-ს მსგავს ქვეყნებთან ერთად ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ წარმოქმნილ გამოწვევებს დაუპირისპირდეს.

NATO-ს სამიტს ესწრებიან აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც, მათ შორის იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი.

მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიასა და NATO-ს შორის ქვეყანაში ალიანსის სამეკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფუმიო კიშიდამ საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ იაპონიას NATO-ში გაწევრიანების გეგმები არ აქვს, თუმცა ჩინეთი მოლაპარაკებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ოფიციალურმა პეკინმა აზიაში NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ არაერთი გაფრთხილება გაავრცელა და ნებისმიერი მსგავსი მცდელობა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხედ შეაფასა.

კომენტარები