ისრაელი

ისრაელში სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

დემონსტრანტებს აიალონის ტრასაზე პოლიციელები არბევენ.
Chaim Goldberg/Flash90

ისრაელში 11 ივლისს დაგეგმილი სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგო მასობრივი აქციები გაგრძელდა. დემონსტრანტები ბლოკავდნენ ქვეყნის მნიშვნელოვან ტრასებს, ასევე ბენ-გურიონის აეროპორტისკენ მიმავალ გზასაც.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ძალა და წყლის ჭავლი, მათ შორის თელ-ავივსა და იერუსალიმის შესასვლელთან. დაკავებულია ათეულობით დემონსტრანტი.

აქამდე გასულ დღეს ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ცვლილებაა. 

აშშ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებდა, რომ მშვიდობიანი პროტესტისთვის პატივი ეცა და კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეულ კონსესუსამდე მისულიყვნენ.

იანვრის შემდეგ, კანონპროექტის ცვილების გეგმებისა და დემონსტრაციების ფონზე, ისრაელის შექელი 8%-ით გაუფასურდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ინვესტორების შიშის ზრდაა.

თუ კანონპროექტს ქნესეთი საბოლოოდ მიიღებს, ხელისუფლებას შეეძლება დაძლიოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კანონის შესაძლო ცვლილების საწინააღმდეგო მასშტაბური აქციები გასულ თვეებშიც მიმდინარეობდა. თუმცა შემდეგ, პალესტინურ ჯგუფებთან დაპირისპირების ფონზე, დროებით შეწყდა. დროებით შეჩერებული იყო ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან საუბარიც.


ისრაელის მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.
 

კომენტარები