Baykar

თურქულმა კომპანია Baykar-მა უკრაინაში მოიერიშე დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო – კამიშინი

GETTY IMAGES

თურქულმა კომპანია Baykar-მა უკრაინაში Bayraktar-ის მოიერიშე დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა ისაუბრა

"ქარხნის მშენებლობა რეალურად დაიწყო და არა მხოლოდ მემორანდუმით. ეს არის ზუსტად Bayraktar-ის ის დიდი ქარხანა, რომელზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით, მერე იყო შეფერხებები, სკანდალები. დღეს ამ ქარხნის მშენებლობა იწყება. რეალურ ნაბიჯებზე გადავედით". - თქვა მან.

8 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან შესაძლებლობების განვითარების შესახებ ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ითვალისწინებს.

ალექსანდრ კამიშინის თქმით, საუბარია სხვა ინდუსტრიებზეც, რომლებზეც საუბარი ჯერ არ შეუძლია.

ივნისში თურქულმა კომპანია Baykar-მა ხელისუფლებისგან უკრაინაში Bayraktar TB2-ისა და Akıncı-ის წარმოებისთვის ლიცენზია მიიღო.

მანამდე კი კომპანია უკრაინაში დარეგისტრირდა და სამშენებლო მიწის ნაკვეთი შეიძინა.

კომენტარები