მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ყოფილი ელჩები სააკაშვილის გამო მთავრობას მოსალოდნელ სანქციებზე აფრთხილებენ

მიხეილ სააკაშვილი 3 ივლისის სასამართლო სხდომაზე

აშშ-ს ყოფილი ელჩები - იან კელი, უილიამ კორტნი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი, - სააკაშვილის მდგომარეობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას შესაძლოა სანქციებზე აფრთხილებენ. 

"საქართველოს იმ ლიდერებსა და ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სააკაშვილის არასათანადო მოპყრობაზე, შესაძლოა, აშშ-ს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტის მიხედვით, მკაცრი სანქციები დაუწესდეთ. ეს აქტი უფლებას ანიჭებს პრეზიდენტს, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და აკრძალოს აშშ-ში შესვლა ნებისმიერი უცხო პირისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში. საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის სხვა თანამშრომლობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს". - ნათქვამია საერთო განცხადებაში. 

ყოფილი ელჩები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ნება დართოს სააკაშვილს საჭირო მკურნალობა მიიღოს.

"თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, სანქციები შეიძლება იყოს უფრო ძლიერი ან გარდაუვალი. მისმა სიკვდილმა, ასევე შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ში წევრობის პოტენციალის განხილვას". - ვკითხულობთ წერილში. 

ელჩები განცხადებაში იმოწმებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების - Amnesty International-ის და Human Rights Watch-ის შეფასებებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებას, სადაც მან ელჩს კიევის დატოვება და თბილისში კონსულტაციების გამართვა მოთხოვა.

კომენტარები