უკრაინის შეიარაღება

ბრიტანეთი არ უჭერს მხარს ამერიკის მიერ უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემას

Suzanne Plunkett, Telegraph 

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის პოზიციები უკრაინისთვის კასეტური იარაღის მიწოდების საკითხზე განსხვავებულია. რამდენიმე დღის წინ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის კასეტურ შეიარაღებას. 

Telegraph-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთი შეზღუდულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით და არ შეუძლია კასეტური შეიარაღების გამოყენება, წარმოება ან მისი გამოყენების ხელშეწყობა. გაერთიანებული სამეფო კასეტური იარაღების შესახებ 2008 წელს მიღებული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოა.

NATO-ს სამიტზე, რომელიც 11 და 12 ივლისს გაიმართება ვილნიუსში, მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებია. ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის წევრობის განხილვა ომის დასრულებამდე ნაადრევია, თუმცა აშშ უკრაინას საჭირო შეიარაღებით, მათ შორის კასეტური იარაღით, მოამარაგებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, რიში სუნაკსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა შედგა 10 ივლისს, ლონდონში.

დიდი ბრიტანეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას NATO-ში ომის მიმდინარეობის პარალელურად, თუმცა საერთაშორისო ვალდებულებების გამო თავს იკავებს უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემის მხარდაჭერისგან. 

კომენტარები