HC&HRRC

HC&HRRC-ი იწყებს კვლევას, რომელიც ლაბორატორიებში სერვისების ხარისხს შეამოწმებს

HC&HRRC

3 ივლისს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა (HC&HRRC) ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის გაცნობითი პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა, რომელიც მიზნად ჯანდაცვის სამინისტროსთვის რეკომენდაციებისა და ახალი პოლიტიკის შემუშავებას ისახავს. პროექტს USAID-ი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დააფინანსებს.

HC&HRRC არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში 2012 წლიდან განხორციელებული აქვს ათზე მეტი პროექტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. 

როგორც პროექტის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ლაბორატორიებში ხარისხის კონტროლი და მასზე დაფუძნებით შემუშავებული პოლიტიკა მოსახლეობას საშუალებას მისცემს, შეამციროს ჯიბიდან გადახდები სამედიცინო სერვისებზე. 

პროექტი მოიცავს ლაბორატორიული მომსახურების გარე ხარისხის კონტროლის შეფასებას, რომელშიც, თავის მხრივ, ჩაერთვება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო ლაბორატორიული ტესტირების ცენტრი (ILTC). მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გარე კონტროლის ფარგლებში, ლაბორატორია დამოუკიდებლად, იმავე ნიმუშებზე შეამოწმებს კვლევების სიზუსტესა და ადეკვატურობას. 

ამის გარდა, პროექტი მოიცავს თვისებრივ კვლევასაც, რაც უშუალოდ ლაბორატორიებში მომუშავე ადამიანებთან ჩაღრმავებულ ინტერვიუებს გულისხმობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნედლ მონაცემებთან ერთად, მოხდება საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების ანალიტიკა და ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, შემუშავდება ერთიანი რეკომენდაცია, რომელსაც, ორგანიზაცია, მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენს. 

პროექტი რამდენიმე დღეში აქტიურად დაიწყება და ერთი წელი გაგრძელდება.

პროექტის ეტაპები და დაგეგმილი აქტივობები

HC&HRRC-ის ჯანდაცვის პროექტების მიმართულების ხელმძღვანელის, სოფიო ლებანიძის განმარტებით, პროექტი 8 დაგეგმილ აქტივობას აერთიანებს. ესენია: ლაბორატორიებში გარე ხარისხის კვლევა, თვისებრივი კვლევა, მეორეული წყაროების ანალიზი, ტრენინგები, მრგვალი მაგიდა/დისკუსები, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება, უფლებების შესახებ პაციენტების ინფორმირების ხარისხის ამაღლება და ხარისხის კონტროლის სისტემის ადვოკატირება. 

თავის მხრივ, ლაბორატორიებში გარე ხარისხის კვლევა გულისხმობს სამინისტროსთან შეთანხმებით ლაბორატორების შერჩევას. ეს ლაბორატორიები შეიძლება იყოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი, როგორც, ჰოსპიტლებთან, ასევე ამბულატორიულ დაწესებულებებთან ინტეგრირებული, ან, სრულად ცალკე მდგომი ლაბორატორიები. სულ მოხდება 650 ნიმუშის ტესტირება. პროექტი მოიცავს ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქს. მათ შორის: თბილისს, საგარეჯოს, ოზურგეთს, ქუთაისს, მარნეულს, გორს და ა.შ. 

რაც შეეხება თვისებრივ კვლევას, ის მოიცავს ლაბორატორიებში ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, რომელიც ორ ეტაპად გაიმართება - გარე ხარისხის კონტროლის ჩატარებამდე და მის შემდეგ. ამ ნაწილში პროექტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად შეფასდეს ლაბორატორიებში მომუშავე პერსონალის შესაძლებლობები და კომპეტენცია. 

მეორეული წყაროების ანალიზის ნაწილში, ორგანიზაცია შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკებს და მათი ანალიზის საფუძველზე, შეუსაბამებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ამ შემთხვევაში, როგორც ლებანიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო პრაქტიკა იყოს ჩვენს ჯანდაცვის სისტემასთან მარტივად ადაპტირებადი და პრაქტიკული. 

კვლევის პარალელურად, ორგანიზაცია გამართავს ტრენინგებს, რომელიც პერსონალს საკუთარი უნარჩვევების გაძლიერებასა და კომპეტენციის ამაღლებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ეს მათ საშუალებას მისცემს, სწორად და ზუსტად გაიგონ პროექტის შინაარსი. ტრენინგები დაფარავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: რა არის გარე ხარისხის კონტროლი, მისი საუკეთესო პრაქტიკები და კონტროლის მიზნობრიობა და საჭიროება. 

ლებანიძე დასძენს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პაციენტებში ამაღლდეს ინფორმირების ხარისხი - მოსახლეობამ მიიღოს ცნობები სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო პროგრამებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია გამოიყენებს ისეთ მექანიზმებს, როგორებიცაა სოციალური ქსელები, ბეჭდური მედია და სატელევიზიო სივრცე.

კომენტარები