ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია

ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის უკანასკნელი ფრანგი მონაწილე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის უკანასკნელი ფრანგი მონაწილე ლეონ გოტიე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ქალაქ უისტრიმის მერი ავრცელებს. 

"ის ჩვენთვის მამასავით და ბაბუასავით იყო, ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვანი ფიგურა, 1944 წლის 6 ივნისის ნამდვილი გმირი და ასევე უბრალო საყვარელი მოხუცი, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა". – განაცხადა უისტრიმის მერმა.

1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეების ძალები ნორმანდიის სანაპიროზე გადმოსხდნენ. სადესანტო სამხედრო ოპერაცია, იგივე D-Day მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ღონისძიება იყო, ოპერაციამ დააჩქარა ნაცისტური გერმანიის დამარცხება.

ლეონ გოტიე 1922 წელს სოფელ ფუჟერში დაიბადა. 1940 წელს გახდა ფრანგული სამხედრო ფლოტის მეზღვაური. ომში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ გაიქცა ინგლისში, იყო გენერალი შარლ დე გოლის თანამებრძოლი. 6 ივნისს სხვა 177 ფრანგ მებრძოლთან ერთად მიიღო მონაწილეობა ნორმანდიის სამხედრო ოპერაციაში. 177 მებრძოლიდან მხოლოდ 24 გადარჩა, მათ შორის იყო გოტიეც.

"ფრანგი მებრძოლებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. ამდენი წლის მერე საფრანგეთის მიწაზე დავბრუნდით, ინგლისელმა მეთაურმა რამდენიმე მეტრით წინ გაგვიშვა და გვითხრა: "თქვენი გაგვიძეხით". ჩვენთვის ეს ოპერაცია საფრანგეთის გათავისუფლებისა და სახლში დაბრუნების სიმბოლო იყო". – იხსენებს გოტიე.

საფრანგეთში გოტიეს დიდ პატივს სცემდნენ, ის ფრანგული წინააღმდეგობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. მიმდინარე წლის ივნისში, D-Day-ს 79 წლისთავთან დაკავშირებით მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა.

კომენტარები