Georgian Airways

დავითაშვილი: Georgian Airways-ის სანქცირება პოლიტიკური ნაბიჯია – ოპოზიციის ხელიც ურევია

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან ქართული ავიაკომპანიის Georgian Airways-ის და მისი დამფუძნებლის დასანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მინისტრის შეფასებით, ეს იყო მორიგი არამეგობრული ნაბიჯი, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის სტანდარტში არ ჯდება და მიუღებელია. 

ამასთან, დავითაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ყვეალფერში ოპოზიციონერების ხელიც ურევია და უკრაინის ხელისუფლებისთვის "არასწორად ხდება ინფორმაციის მიტანა". 

"პირველ რიგში, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების და ასეთ ფაქტები გვქონდა ჩვენ წინა შემთხვევებშიც, როცა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინამ. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნია. ამაში მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ჩვენ ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც არასწორად ხდება ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას მხოლოდ აზიანებს და არანაირად არ არგებს.

რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე ჰქონდა რეაგირება და დარწმუნებული ვარ ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია".- თქვა დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

უკრაინამ  ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს 10 წლიანი სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. 

შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

უკრაინამ პერსონალურად დაასანქცირა ავაიაკომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც. ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს.

ავიაკომპანია Georgian Airways ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც რუსეთთან ფრენების ნებართვას ითხოვდა. 2023 წლის 20 მაისიდან თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის მომხრე იყო. გაიაშვილის თქმით, იგი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმებოდა. 

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს. [...] რა საკვირველია, ჩვენ დაინტერესებული ვართ. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ თქვს, თუ შეიძლება რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი". - ამბობდა გაიაშვილი.  

კომენტარები