ქართული ოცნება

ზარქუა ზურაბიშვილზე: ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ვერ შედგა, როგორც ლიდერი

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიკალების გზას დაადგა და ის საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის, როგორც ლიდერი, ვერ შედგა. ზარქუამ ეს განცხადება პარლამენტში გააკეთა, სადაც დეპუტატები საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოზე მსჯელობენ. ქართული ოცნება 3 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ამ ვეტოს დასაძლევად ემზადება.

"ბატონო გიორგი, პირადად თქვენ პატივს გცემთ და სულ მგონია, თქვენ რომ ჩვენთან პარლამენტში მობრძანდებით, ისეთი სახით მოდიხართ ხოლმე, რომ ქალბატონი პრეზიდენტის მსხვერპლი ხართ. მე თქვენი მესმის, იმიტომ რომ რეალურად ეს ქალბატონი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ვერ შედგა, როგორც ლიდერი. ჩვენ ბევრი ვცადეთ, რომ ის ამ გახლეჩილი საზოგადოების დამაკავშირებელი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ის რადიკალების გზას დაადგა [...] პრეზიდენტი ისევ ურჩობს. მე ასეთი კითხვა მაქვს: თქვენ პრეზიდენტთან ახლოს ხართ და ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, ქალბატონი სალომე ამ ვეტოთი ხმალაობას როდის მორჩება?". - ასე მიმართა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "კონსესუსის შენარჩუნების მიზნით" საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, "რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა".

"მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. ცვლილების ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

 

კომენტარები