ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სულაკაური: ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არ გვიღალატია

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"ბოლო დროს ჩვენი გამომცემლობის მიმართ ღიად პრორუსული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ვიგრძენით.

გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ამაღელვებელი და ემოციური შეტყობინებებისთვის, განცხადებებისა თუ კომენტარებისთვის, რომლებიც გვაძლიერებდა და სიმტკიცეს გვმატებდა ამ რთული დღეების განმავლობაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია". – წერია განცხადებაში.


ახლო წარსულში სოციალურ ქსელში პრორუსული ძალების მიერ დაიწყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დისკრედიტაცია. რამდენიმე პირი გამომცემლობაში მივიდა და 2 წიგნი გააპროტესტა, ერთია ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის, რომელშიც ტრანსგენდერი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, ხოლო მეორეა მე-17 საუკუნის მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთი ზღაპარი ვირისტყავა. მათი აზრით გამომცემლობა "პედოფილიის პროპაგანდას ეწევა". 

30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ მოხსენებაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ახსენა და პრორუსულ ძალებს მხარი დაუჭირა. 

სულაკაურის გამომცემლობას მხარს უჭერს საქართველოს მწერალთა კავშირი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, პენცენტრი.

კომენტარები