რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ის კონგრესი ბაიდენს მოუწოდებს, რომ უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალები მიაწოდოს

აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა და უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების დამტკიცებისკენ მოუწოდა, რათა რუსეთის თავდაცვის ხაზები უფრო ეფექტურად გაარღვიოს.

"ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული კონვენციური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემა არის შესაძლებლობა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიისა და დაქირავებული ძალების წინააღმდეგ გამოსაყენებლად ძლიერი იარაღი მივაწოდოთ. მოდით გამოვიყენოთ ეს აუთვისებელი, უზარმაზარი არსენალი უკრაინის გამარჯვებისა და ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად." - ნათქვამია კანონმდებლების განცხადებაში.

ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ კასეტური საბრძოლო მასალები შეერთებულ შტატებში ცივი ომის დროს "რუსეთის რიცხობრივ და მატერიალურ უპირატესობასთან დასაპირისპირებლად" შეიქმნა.

"ახლა კი მათი გამოყენება შესაძლებელია უკრაინის დასაცავად - და უკრაინის მიერ ევროპის და, საბოლოოდ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად." - წერია განცხადებაში.

კასეტური საბრძოლო მასალები, როგორც წესი, უშვებს დიდი რაოდენობით მცირე ელემენტებს, რამაც, შესაძლოა, დაჭრას და მოკლას მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს ჭურვები ასევე ხასიათდება არ-აფეთქებადობის მაღალი პროცენტით, რითაც ის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საშიში რჩება.

კომენტარები