ჩინეთი-კუბა

WSJ: ჩინეთი კუბაში სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის გახსნას გეგმავს, რის გამოც აშშ შეშფოთებულია

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთი და კუბა უკვე ერთობლივად მართავენ კუნძულზე ოთხი მოსმენის სადგურს
YANDER ZAMORA/SHUTTERSTOCK

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთი და კუბა მოლაპარაკებებს აწარმოებენ კუნძულზე ახალი ერთობლივი სამხედრო-სასწავლო დაწესებულების გახსნაზე. 

როგორც The Wall Street Journal-ი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონი შეშფოთებულია, რადგან ამ ტიპის ბანაკის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩინეთმა კუბაში, ფლორიდიდან 100 მილის დაშორებით შეიარაღებულ ძალები განათავსოს, პარალელურად კი სადაზვერვო ოპერაციები განახორციელოს.

ამასთანავე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისა და კუბის შეთანხმებისთვის ხელის შეშლას ცდილობს. 

როგორც WSJ-ი წერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

The Wall Street Journal-მა 8 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ჩინეთმა და კუბამ მიაღწიეს შეთანხმებას კუბაში ახალი მოსასმენი სადგურის გახსნის შესახებ. თეთრმა სახლმა კი ამ ინფორმაციას არაზუსტი უწოდა, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია.

ორი დღის შემდეგ თეთრმა სახლმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ჩინეთის სადაზვერვო ობიექტები კუბაში, სულ მცირე, 2019 წლიდან არსებობდა.

აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალ სამხედრო ობიექტს შეუძლია ჩინეთი უზრუნველყოს პლატფორმით, რომელიც კუნძულზე ჯარისკაცების დაბინავებასა და სადაზვერვო საქმიანობას, მათ შორის, აშშ-ს წინააღმდეგ ელექტრონული სახის მოსმენებს შესაძლებელს გახდის.

როგორც WSJ-ი წერს, აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთი და კუბა უკვე ერთობლივად მართავენ კუნძულზე არსებულ მოსმენის 4 სადგურს.

კომენტარები