თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე

იოსელიანი ბერძენიშვილზე: დემოკრატია განსხვავებული აზრების მქონე ადამიანების თანაცხოვრებაა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. ომბუდსმენის შეფასებით, სოციალურ ქსელში განსხავებული აზრის გამო არსებული აგრესია თუ ცხოვრებაში გადმოვა, სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ. 

"ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე".- წერს სახალხო დამცველი. 

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. მომხდარს ტაბულას ჟურნალისტი შეესწრო. უცნობი პირი ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და მოღალატეს უწოდებდა.  

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ არ შეიძლება პროფესორი 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეს ლანძღავდეს. 

კომენტარები