პარიზი 2024

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სათავო ოფისს პოლიცია ჩხრეკს

REUTERS/Stephane Mahe/File photo

2024 წელს პარიზში გასამართი ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სათავო ოფისში პოლიცია შევიდა.

"ამჟამად საორგანიზაციო კომიტეტის სათავო ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. პარიზი 2024 სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან" - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომიტეტს დეტალების შესახებ არ უსაუბრია. ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ამ მომენტისთვის დამატებით არაფრის გაზიარება არ შეუძლიათ.

მოგვიანებით საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ თქვა, რომ კომიტეტი საზაფხულო თამაშების ორგანიზატორების მიერ დადებული კონტრაქტების საქმეზე 2017 წელს დაწყებული წინასწარი გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს.

გარდა ამისა, პოლიცია ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოს სათავო ოფისში საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2022 წელს ჩატარებული აუდიტის შემდეგ დაწყებული წინასწარი გამოძიების ფარგლებშიც შევიდა.

ოლიმპიადა პარიზში 2024 წლის 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება. 28 აგვისტოს კი პარაოლიმპიადა დაიწყება, რომელიც 6 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები