NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი: რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა მშვიდობიანი თანამშრომლობის ილუზია დაამსხვრია

იენს სტოლტენბერგი
nato.int

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში გამართულ კონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, დროთა განმავლობაში რუსეთმა დასავლეთს დაუმტკიცა, რომ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლებელია. 

"ცივი ომის შემდეგ ჩვენ ყველას გვქონდა იმედი და ვმუშაობდით იმისთვის, რომ რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონოდა. თანდათან პრეზიდენტი პუტინის აგრესიული მოქმედებების განმეორებითობის შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში, ეს იმედები გაგვიქარწყლდა. უკრაინაზე სრულმასშტაბიანმა თავდასხმამ დაამსხვრია რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია. ასე რომ, ჩვენ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ. ის, თუ რას ვიზამთ და რას არ ვიზამთ, ჩვენი უსაფრთხოების მომავალს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს". - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა ნაწილია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, რომლის საწყისების ძიებაც ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოზე თავდასხმამდე მიგვიყვანს. 

"უკრაინაზე თავდასხმაც პატერნის ნაწილია. ჩეჩნეთის შემთხვევაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როდის დაიწყო ეს, მაგრამ საქართველოს რაც შეეხება, ეს 2008 წელს მოხდა, როცა საქართველოში შეიჭრნენ, შემდეგ იყო სასტიკი ომი სირიაში. ამასთან, უკრაინაში ომი გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა, ეს 2014 წელს დაიწყო, როცა მათ ყირიმი აიღეს, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ აღმოსავლეთ დონბასში შეიჭრნენ". - თქვა იენს სტოლტენბერგმა. 

კომენტარები