უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს ესაუბრა და მას უკრაინისთვის დიდი რადიუსის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას სუნაკთან მიმდინარე საომარი მოქმედებები განიხილა და პრემიერმინისტრს კიევის შესაძლებლობების გაფართოებისთვის აუცილებელ იარაღზე ესაუბრა.
მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 250 კმ-ის რადიუსის მქონე Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცა, რომელიც დასავლეთის მიერ გაგზავნილი იარაღებიდან ყველაზე დიდი რადიუსის მქონეა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ სუნაკს მიმდინარე კვირაში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ორგანიზებისთვის და უკრაინის დახმარებაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე, ლიტვაში NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე უფრო კონკრეტული მსჯელობა. მან სუნაკთან ასევე ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის საჭირო გეგმის მომზადებაზე.
ზელენსკიმ დასძინა ისიც, რომ რუსეთი დასავლური კომპონენტებისგან დამზადებული რაკეტების წარმოებას აძლიერებს - ამით მან ხაზი სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას გაუსვა.





