რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა აფრიკის ლიდერებს "უკრაინის ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების შეთანხმება" წარმოუდგინა

ვლადიმირ პუტინი აფრიკის ლიდერებთან შეხვედრაზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 17 ივნისს ფინეთის ყურესთან მდებარე კონსტანტინეს სასახლეში აფრიკის რამდენიმე ქვეყნის: სენეგალის, ეგვიპტის, ზამბიის, უგანდის, კონგოს, კომორის კუნძულებისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მან მათ წარმოუდგინა დოკუმენტი, რომელსაც თავად უწოდა "უკრაინის სამუდამო ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება". 

ამ დოკუმენტზე მხარეების მოლაპარაკებები გასულ წელს თურქეთში მიმდინარეობდა.

პუტინის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი 18 პუნქტისგან შედგებოდა. მისი თქმით, ის, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომასაც ეხება. პუტინის მტკიცებით, უკრაინამ ამ შეთანხმებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთმა კიევის მიმართულებიდან ჯარი გაიყვანა. პუტინი ირწმუნება, რომ ჯარის გაყვანაც მოლაპარაკების ნაწილი იყო.

შეხვედრის დროს, აფრიკის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც რუსეთში კიევსა და მოსკოვს შორის მედიაციის მისიით ჩავიდნენ, სამშვიდობო შეთავაზებებზე საუბრის დროს სიტყვა გააწყვეტინა და თავად ისაუბრა, რატომ არის ეს ვარიანტები არასწორი. აქამდე პუტინმა მოუსმინა კომორის კუნძულების, სენეგალისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერების შეთავაზებები.

პუტინი აფრიკის ლიდერებთან ირწმუნებოდა, რომ კონფლიქტი დასავლეთმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო. ის მათ უმტკიცებდა, რომ გასულ წელს სასურსათო ფასების ზრდაში დამნაშავე არა რუსეთი, არამედ დასავლეთი იყო. მისივე მტკიცებით, შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომლის გაშვებაზეც რუსეთის კიევთან იყო შეთანხმებული, აფრიკის საკვების კრიზისს არ ეხმარება, რადგან პროდუქტი ძირითადად მდიდარ ქვეყნებში შედის.

აფრიკული ქვეყნების გეგმაში შედის მოწოდება, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში გადაყვანილი ყველა ბავშვი სამშობლოში დაებრუნებინათ, თუმცა პუტინმა საპასუხოდ დაიწყო მტკიცცება, რომ რუსეთი უკრაინელ ბავშვებს სახლში დაბრუნებას არ უშლის და ისინი მხოლოდ კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანეს, "სიცოცხლის გადასარჩენად".

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ პუტინს აფრიკული სამშვიდობო ინიციატივის 10 პუნქტი წაუკითხა. ამის შემდეგ კომოროს კუნძულების პრეზიდენტმა, აზალი ასუმანიმ, რომელიც აფრიკის კავშირის ახლანდელი თავმჯდომარეა, პუტინს მიმართა, რომ რუსეთში მოლაპარაკებების წასახალისებლად ჩამოვიდნენ.

"აქ მოვედით, რათა მოგისმინოთ თქვენ და თქვენი შუამავლობით რუს ხალხს და წაგახალისოთ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის, რათა ეს რთული ვითარება დასრულდეს... ჩვენს თავს ეს მისია მივეცით, რადგან როგორც აფრიკელებს, სამწუხაროდ, მრავალი კონფლიქტის მოგვარება მოგვიწია და სწორედ დიალოგისა და მოლაპარაკებების მეშვეობით შევძელით მათი გადაჭრა". – თქვა ასუმანიმ.

აქამდე აფრიკის ქვეყნების ლიდერები კიევში იმყოფებოდნენ. მათთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ესმოდა თუ რა სარგებელი შეიძლება მოეტანა აფრიკული დელეგაციის პუტინთან შეხვედრას.

კომენტარები