რუსეთი

რუსეთის ჯანდაცვა: სასმელმა "მისტერ სიდრმა" 106 ადამიანი მოწამლა, 36 დაიღუპა

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთში სიდრის ერთ-ერთი მწარმოებლის, მისტერ სიდრის პროდუქტის მიერ მოწამლული ადამიანების სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება. გასულ დღეს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ თქვა, რომ ალკოჰოლური სასმელით მოწამლულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა, მათგან 36 დაიღუპა. 

"სუროგატული ალკოჰოლით მოწამვლა - მზარდი შედეგებით, დაშავდა 106 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაიღუპა 36 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი". – თქვა მურაშკომ.

მურაშკოს თქმით, 19 ადამიანი საავადმყოფოში რჩება.

მისტერ სიდრით მოწამლულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ივნისის დასაწყისში გავრცელდა. სასმელით რუსეთის რამდენიმე ოლქის: ულიანოვის, სამარის, ნიჟეგოროდის, პენზენისა და კურგანის, ასევე ჩუვაშეთისა და უდმურტეთის მცხოვრებლები მოიწამლნენ. სასმელში აღმოაჩინეს მეთანოლისა და ეთილბუტირატის მინარევი.

შემდეგში ცნობილი გახდა, რომ სასმელს ამზადებდნენ სპირტის შემცველი სითხისგან, რომელიც სამარაში პოლიციის საწყობიდან იყო მოპარული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოწამვლის ფაქტზე დააკავეს ბიზნესმენი ანარ გუსეინოვი, რომელიც მისტერ სიდრის ჩამოსხმით იყო დაკავებული. ამას გარდა დააკავეს სამარის ორი მაცხოვრებელი და პოლიციის სერჟანტი, რომლებმაც საწყობი გაძარცვეს.

კომენტარები