თავდაცვის სამინისტრო

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. უწყების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

“პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია”. - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები