ისრაელი

ისრაელში სასამართლო კომიტეტის წევრად ოპოზიციონერი აირჩიეს, კოალიციაში დაპირისპირებაა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის სასამართლო კომიტეტის წევრად ოპოზიციონერი კანდიდატის არჩევის შემდეგ მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ თავისი რიგებიდან ვინ დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანდიდატურას. ისინი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიას დებენ ბრალს. 

14 ივნისს პარლამენტარებს უნდა აერჩიათ ორი წარმომადგენელი, რომლებიც 9 წევრისგან დაკომპლექტებულ სასამართლო კომიტეტის წევრად დაინიშნებოდნენ. როგორც წესი, ამ დრომდე ერთ-ერთი კანდიდატი მმართველი პარტიიდან, ხოლო მეორე ოპოზიციიდან აირჩეოდა. თუმცა ნეთანიაჰუს  ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა მოითხოვდა, რომ ორივე წევრი სახელისუფლებო პარტიიდან დანიშნულიყო. 

ოპოზიციის კანდიდატს მხარი 58-მა პარლამენტარმა დაუჭირა, რაც ნიშნავს, რომ სულ მცირემ 4 ხმა კოალიციის წევრებისგანაც უნდა მიეღო. 

ლიკუდითა პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის კანდიდატი საკმარის ხმების რაოდენობას ვერ მოაგროვებდა, პროტესტის ახალი ტალღა იყო მოსალოდნელი და შესაძლოა იმაზე გაცილებით დაძაბული ვითარება შექმნილიყო, ვიდრე მარტის თვეში გამართული დემონსტრაციების დროს იყო, როცა მოქალაქეები იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის დათხოვნას აპროტესტებდნენ, რომელიც სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიოდა. 

"ნეთანიაჰუმ იცოდა, რომ მას [ოპოზიციის კანდიდატს] აირჩევდნენ და შედეგით გაკვირვებული არ დარჩენილა. ჩვენ ნეთანიაჰუ იარივ ლევინისგან [იუსტიციის მინისტრისგან] გადავარჩინეთ". - აღნიშნა ერთ-ერთმა პარლამენტარმა ანონიმურად Channel 12 news-თან ინტერვიუში. 

ისრაელში მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული კენჭისყრით მთელი სასამართლო რეფორმის ბედი წყდებოდა, მოხდება თუ არა სამომავლოდ მისი აღსრულება. 


ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

მთავრობამ სადავო რეფორმა ქვეყანაში გამართული მასობრივი აქციებისა და გაფიცვების გამო დროებით შეაჩერა, თუმცა პრემიერმინისტრის თქმით, ის გაგრძელდება, რადგან ისრაელში ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი უნდა აღდგეს.

კომენტარები