საქართველო-რუსეთი

პრეზიდენტი რუსეთზე: მთავრობისგან ორაზროვან სიგნალებს იღებენ და ამოწმებენ, სადამდე წავლენ

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Українська правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობისგან ორაზროვან სიგნალებს იღებს და შემდეგ ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა.

უკრაინული მედიის მთავარმა რედაქტორმა, სევგილ მუსაიევამ ზურაბიშვილს ჰკითხა თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მორიგი ნაბიჯები. მან პრეზიდენტს ასევე ჰკითხა დაუდასტურებელი ცნობების შესახებ, რომელთა მიხედვითაც საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

"ვფიქრობ, ბევრი ჭორია გავრცელებული. ვფიქრობ, რომ ძირითადად რუსეთმა იგრძნო, რომ არსებობს გარკვეული სივრცე მანევრირებისთვის და ახლა ისინი [ნიადაგს] სინჯავენ. ეს ტიპური რუსული ტაქტიკაა.

ისინი თქვენთან (უკრაინასთან) ომს აგებენ. ჩემი შეხედულებით, მათ უკვე წააგეს მრავალი მიზეზით: პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. ისინი ჯერ სრულად არ დამარცხებულან სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. სხვა გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არ არსებობს". – თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ორაზროვან გზავნილებს უგზავნის, რის პასუხადაც რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეეძლებათ წასვლა. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მთავრობაში მიზანდასახულობის ნაკლებობაა და რუსეთი ნიადაგის მოსინჯვას აგრძელებს. მისი თქმით, ასე მოსინჯეს ნიადაგი ფრენების განახლებით და შესაძლოა იგივე ქნან სარკინიგზო მიმოსვლაზეც.

"გრძნობენ რა ამას, ისინი ამავდროულად იღებენ ორაზროვან, რბილად რომ ვთქვათ, სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. და ახალ ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა.

ეს ირაა, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდი: როგორც კი რუსეთი იგრძნობს, რომ მიზანდასახულობა არ არსებობს, ეს კი არაა იგივე, რაც წინააღმდეგობა... მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და არ შეუძლია თავად გაატაროს წინააღმდეგობის პოლიტიკა, მაგრამ ის ძალიან მიზანდასახული უნდა იყოს.

მიზანდასახულობის ნებისმიერი ნაკლებობა რუსეთს უბიძგებს შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა და ეს ისაა, რასაც ვხედავთ. ასე გამოცადეს [პირდაპირი] ფრენებით. ახლა შეიძლება რკინიგზაზეც სცადონ. ისინი სხვა რაღაცებსაც გამოცდიან. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ჩვენი მიზანდასახულობა". – თქვა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ზურაბიშვილის თქმით, ის რუსეთის ამ პოლიტიკის წინააღმდეგ კვლავ ისაუბრებს, მიუხედავად იმისა, რომ რეალური აღმასრულებელი უფლება არ გააჩნია. 

"მე, რა თქმა უნდა, ამის წინააღდეგ გამოვალ, როგორც ადრე ვაკეთებდი. მე არ მაქვს რეალური აღმასრულებელი უფლება, რომ შევაჩერო რომელიმე ეს გადაწყვეტილება. მაგრამ მე მაქვს უფრო ძლიერი ძალაუფლება, რომელიც მე ხალხმა მომცა და არა ცალკეულმა პირებმა, იქედან, და მე ვიცი, რომ წარმოვადგენ ქართველი ხალხის უმრავლესობას. და არავინ უნდა ეცადოს ქართველ ხალხთან თამაშს". – თქვა პრეზიდენტმა ინტერვიუში.

კომენტარები