რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების გასანადგურებლად ხელები თავისუფალი გვაქვს

დმიტრი მედვედევი
Sputnik/Yekaterina Shtukina/Pool via REUTERS/File Photo

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, Nord Stream-ის მილსადენების აფეთქებაში დასავლეთის თანამონაწილეობის შემდეგ, მოსკოვს არ დარჩა მიზეზი საიმისოდ, რომ მტრების წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელები არ გაანადგუროს.

"თუ Nord Stream-ის აფეთქებაში დასავლური ქვეყნების დადასტურებული თანამონაწილეობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, მაშინ ჩვენ არ გვრჩება შეზღუდვები - თუნდაც მორალური - რომლებიც შეგვაჩერებს ჩვენი მტრების ოკეანის ფსკერზე მდებარე საკომუნიკაციო კაბელების განადგურებისგან". - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.

წყალქვეშა კაბელები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეებს კვეთენ, გლობალური კომუნიკაციების არტერიებად იქცნენ. მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, წყალქვეშა კაბელები მზარდი გეოპოლიტიკური კონკურენციის საგანია.

წნევის მკვეთრი ვარდნა Nord Stream-ის მილსადენზე 26 სექტემბერს დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა ადგილზე აფეთქებების დამადასტურებელი ბიძგები დააფიქსირეს, რასაც მილსადენის აფეთქებაზე შესაძლო პასუხისმგებელი მხარის დასადგენად სპეკულაციები მოჰყვა.

ამ დრომდე უცნობია ვინ არის პასუხისმგებელი Nord Stream-ის აფეთქებაზე. დასავლურმა სახელმწიფოებმა ინციდენტში ჩართულობა უარყვეს და მომხდარში რუსეთი დაადანაშაულეს.

კომენტარები