უნაბომბერი

NY Times: უნაბომბერის სახელით ცნობილმა ტერორისტმა, ტედ კაჩინსკიმ თავი მოიკლა

ტედ კაჩინსკი

უნაბომბერის სახელით ცნობილი თეოდორ ჯონ კაჩინსკი, რომელიც 1978-1995 წლებში თვითნაკეთი ბომბებით თავს ესხმოდა აკადემიკოსებს, ბიზნესმენებსა და შემთხვევით გამვლელებს, შაბათს, 10 ივნისს აშშ-ს ერთ-ერთი ციხის სამედიცინო ცენტრში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის თავდასხმებს წარსულში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. მისი გაცხადებული მიზანი თანამედროვე სოციალური წყობის ჩამოშლა იყო. კაჩინსკის აღიარებული ჰქონდა 1978-1995 წლებში მოწყობილი 16 აფეთქება.

ციხეების ფედერალური ბიუროს სპიკერმა თქვა, რომ კაჩინკი საკუთარ საკანში გონდაკარგული დილით იპოვეს. ბიუროს სიკვდილის მიზეზი არ დაუზუსტებია, მაგრამ The New York Times-თან საქმის კურსში მყოფმა სამმა პირმა თქვა, რომ უნაბომბერმა თავი მოიკლა.

AP News-ის ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ კაჩინსკი საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, დაახლოებით 12:30-ზე. მათივე ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მას კარდიოპულმონური რეანიმაცია ჩაუტარა და გონზე მოიყვანეს, სანამ გადაიყვანდნენ საავადმყოფოში, სადაც შემდეგ კაჩინსკი გარდაიცვალა.

ციხეების ბიურომ კაჩინსკის ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 2021 წელს გაავრცელა. მას სიმსივნე სჭირდა.

აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, სასამართლო პროცესის მოლოდინში, კაჩინსკიმ თავის ჩამოხრჩობა საცვლით სცადა.

The New York Times-ი კაჩინკის ცხოვრების გზას უნიკალურს უწოდებს: მარტოხელა გენიოსი ბიჭიდან ჰარვარდში განათლებამიღებულ მათემატიკოსამდე, აქედან ქალაქგარეთ გადახვეწამდე, შემდეგ ავადსახსენებელ მკვლელამდე, ბოლოს კი დაპატიმრებულ ექსტრემისტამდე.

როგორც გამოცემა The New York Times-ი წერს, კაჩინსკიმ საზოგადოების თვალში გააერთიანა ძალადობის ორი სტილი: შეშლილი სერიული მკვლელისთვის დამახასიათებელი სამიზნეების პერიოდული ამორჩევა და ტერორისტის იდეოლოგიური ფანატიზმი.

მას შემდეგ, რაც კაჩინსკი 1996 წელს FBI-ის ორმოცმა აგენტმა დააკავა, მისი კონკრეტულ იდეოლოგიაზე მეტად დავის საგანს წარმოადგენდა კითხვა, უნდა ჩაეთვალათ თუ არა, რომ მის დანაშაულებს რაციონალური მოტივები ჰქონდა. მისი აფეთქებების შედეგად დაშავებულები აპროტესტებდნენ მათ ვინც სერიოზულად უდგებოდა კაჩინსკის მიერ დაწერილ 35 000-სიტყვიან მანიფესტს, რომელშიც ის საკუთარ მოქმედებებს ამართლებდა და ადიდებდა იდეებს, რომლებიც, მისივე მტკიცებით, შთააგონებდა.

ფსიქოლოგებს, რომლებიც უნაბომბერის გასამართლებაში იყვნენ ჩართული, იმის მტკიცებულებად, რომ კაჩინსკის შიზოფრენიის ნიშნები ჰქონდა, მისივე ნაწერები მოჰყავდათ. ადვოკატები ცდილობდნენ, რომ დამნაშავე ფსიქიკურად გაუწონასწორებლობის მეშვეობით დაეცვათ, თუმცა უნაბომბერი ირწმუნებოდა, რომ საღ ჭკუაზე იყო და სასამართლოს წინაშე წარდგენას ითხოვდა. შესაბამისად, ის თავს სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე აყენებდა. ადვოკატები ამ ფაქტით კვლავ კაჩინსკის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობაზე მიუთითებდნენ.

როგორც NY Times-ი წერს, მანამ, სანამ კაჩინსკის მანიფესტს გამოაქვეყნებდნენ, ის მიჩნეული იყო შეშლილ მოძალადედ, რომელიც, როგორც ფიქრობდნენ, სამიზნეებს შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდა. მას მხოლოდ FBI-ის მიერ შერქმეული "უნაბომბერის" მეტსახელით იცნობდნენ. მედიაში ფართოდ შუქდებოდა შემთხვევები, როცა მისმა მსხვერპლებმა ბომბის შემცველი გზავნილის გახსნის დროს თითები დაკარგეს. 

1995 წელს კაჩინსკიმ The New York Times-ს გაუგზავნა წერილი, რომ თუ ისინი ან The Washington Post-ი მის მანიფესტს გამოაქვეყნებდნენ, ტერორიზმისგან თავს შეიკავებდა. საბოლოოდ მისი ნაწარმოები FBI-ის რჩევის შემდეგ გამოქვეყნდა და მისი დაკავების საწინდარიც სწორედ ეს გახდა. 1995 წლის სექტემბერში, როდესაც მანიფესტი უნაბომბერის ძმამ, დევიდ კაჩინსკიმ წაიკითხა, მან წერის სტილი ამოიცნო, ძმაზე ეჭვი გაუჩნდა და FBI-ის მიმართა.

დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა დეტალები კაჩინსკის ცხოვრების შესახებ. მას, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, IQ-ს ტესტში 167 ქულა ჰქონდა აღებული და ჰარვარდში 16 წლის ასაკში დაიწყო სწავლა. შემდეგ, ის მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის დროს მათემატიკის იმდენად ვიწრო დარგზე მუშაობდა, რომ მისი დისერტაციის კომიტეტის წევრის შეფასებით, ეს საკითხი ქვეყანაში მხოლოდ 10-12 ადამიანს ესმოდა. 25 წლის ასაკში ის ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი იყო.

ამის შემდეგ მან არამხოლოდ ბერკლის უნივერსიტეტი, არამედ მთელი ცივილიზაცია მიატოვა. 1971 წლიდან დაკავებამდე ის ცხოვრობდა მონტანაში მდებარე ქოხში, რომელიც თავად ააშენა.

კაჩინსკის მიერ აშენებული ქოხი

კაჩინსკის ირწმუნებოდა, რომ გარემოს მიმართ მიყენებული ზიანი და ტექნოლოგიის მიერ გამოწვეული გაუცხოება იმდენად საშინელი იყო, რომ თანამედროვე ცხოვრების სოციალური და ინდუსტრიული საფუძვლები უნდა განადგურებულიყო.

კაჩინსკის მეტსახელი უკავშირდება უნივერსიტეტსა და საჰაერო ხაზებზე მომხდარი აფეთქებებისთვის FBI-ის მიერ მინიჭებულ კოდურ სახელს UNABOM-ს. ეს მეტსახელი შთაგონებული იყო მისი პირველი თავდასხმებისგან, იმ აფეთქებებისგან, რომლებიც 1978 და 1980 წლებში მოხდა და სამიზნეები ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და გაერთიანებულ ავიახაზების პრეზიდენტი, ასევე ჩიკაგო-ვაშინგტონის რეისის მგზავრები იყვნენ. მსხვერპლებმა მიიღეს მცირე დაზიანებები. გამომძიებლებმა აქამდე მომხდარი რამდენიმე თავდასხმისა და ამ აფეთქებების დაკავშირება შეძლეს იმ ფაქტით, რომ ბომბებზე, ან აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ინიციალები - FC.

პირველი აფეთქებების შემდეგ, უნაბომბერი წელში 1-4 თავდასხმას აწყობდა, 1987 წლამდე, როცა მან სალტ ლეიქ სითიში მდებარე კომპიუტერულ მაღაზიაში ასაფეთქებელი დატოვა. როცა დააგდო შეფუთვა, რომელიც შემდეგში აფეთქდა, ის ქალმა დაინახა. მალე მისი ფოტორობოტი შეადგინეს, ულვაშით, კაპიუშონითა და შავი სათვალეებით. შემდეგი 6 წლის განმავლობაში უნაბომბერის თავდასხმა არ დაფიქსირებულა. თუმცა 1993 წელს ერთ კვირაში მან ორი აფეთქება მოაწყო. ამ დღეებში გზავნილები მნიშვნელოვანმა მეცნიერებმა მიიღეს. კაჩინსკის თავდასხმებს პირველი მსხვერპლი 1985 წელს მოჰყვა. თითოეულმა მათგანმა რამდენიმე თითი დაკარგა,  შემდეგ 1994-95 წლებში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.

უნაბომბერის ჩანაწერები

სწორედ 1995 წლის აპრილში, ჯერ კიდევ უსახელო ტერორისტმა იდენტობა ნაწილობრივ გაამხილა. მან წერილი დაწერა "ტერორისტული ჯგუფი FC-ს" სახელით. ის განმარტავდა, რომ FC ნიშნავდა Freedom Club-ს (თავისუფლების კლუბი). ის დებდა პირობას, რომ შეწყვეტდა ხალხის დაშავებას, მაგრამ ხელს არ აიღებდა საკუთრებაზე თავდასხმებზე, თუ მის ტექსტს გამოაქვეყნებდნენ.

The Times-მა და The Washington Post-მა, FBI-ისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეკომენდაციით, უნაბომბერის შეთავაზება მიიღეს და გამოაქვეყნეს 35 000-სიტყვიანი მანიფესტი. უნაბომბერის მანიფესტის სათაური იყო – ინდუსტრიული საზოგადოება და მისი მომავალი. 

მანიფესტი უკვე აქტუალობას კარგავდა, როცა მან ფილოსოფიის პროფესორამდე, ლინდა პატრიკამდე მიაღწია. მან საკუთარ ქმარს უთხრა, რომ ნაწერი მის ექსცენტრიულ მარტოხელა ძმას ახსენებდა. ქმარი, სახელად დევიდ კაჩინსკი, უნაბომბერის ძმა იყო. როდესაც მან მანიფესტი ონლაინ წაიკითხა, როგორც შემდეგში ამბობდა, "ყბა ჩამოუვარდა". ენა, რომლითაც მანიფესტი დაწერილი იყო, მას საკუთარი ძმის წერილებს ახსენებდა. მან მალე სამართალდამცველებს მიმართა.

1979 წლის შემდეგ FBI-ის ჯგუფი 150-ზე მეტი გამომძიებლისგან და ანალიტიკოსებისგან შედგებოდა, თუმცა, ათიათასობით სამხილის არსებობის მიუხედავად, ისინი ნამდვილ დამნაშავეს ვერც კი უახლოვდებოდნენ. მას შემდეგ, რაც სამართალდმაცველებმა დევიდისგან ინფორმაცია მიიღეს, მათ მთელი ყურადღება გადაიტანეს მონტანაში მდებარე ქოხზე, რომელიც ცივილიზაციისგან აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო.

1996 წლის 3 აპრილს, რამდენიმედღიანი დაზვერის შემდეგ, FBI-ის ერთ-ერთმა აგენტმა დაიყვირა, რომ ტყის რეინჯერს დახმარება სჭირდებოდა. ქოხიდან გამხდარი კაცი გამოვიდა და მალევე მას ორივე მხრიდან ხელი ჩაავლეს. ასე დააკავეს უნაბომბერის სახელით ცნობილი ტედ კაჩინსკი.

კომენტარები