თბილისის მერია

კალაძე: უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

თბილისის მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. 

"პირველი, რაც უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში გაკეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციები [...] მთლიანად შეიცვლება წყლის სისტემები, საკანალიზაციო სისტემები, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა [...] პროექტში გათვალისწინებული იქნება ახალი გაზის მილები. ასევე, მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა, თავისი ბოძებით, LED სანათებით. ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც დღეს ჰაერშია გადმოკიდებული, მიწის ქვემოთ ჩადის. მანქანებისთვის კი საპარკინგე არეალები მოეწყობა [...] რაც შეეხება სამუშაოებს, ნოემბერში მთლიანად დასრულდება. ტროტუარები მოეწყობა, ყველაფერი განახლდება". - თქვა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს. 


შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:

N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად. კერძოდ, სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი იმოძრავებს სოფელ თხინვალას მიმართულებით.

ავტობუსები – N302, N304, N310, N392 უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან არსებულ წრეზე კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ მობრუნდებიან, სადაც მათი ბოლო გაჩერება იქნება.

კალაძის თქმით, მერიის მიერ ყველა პროექტი "ფუნდამენტურად კეთდება", ათეულ წლებს გაუძლებს და წლების განმავლობაში მხოლოდ გზის საფარის შეცვლის საჭიროება დადგება.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციაც, თუმცა მერია პროექტებს ეტაპობრივად დაიწყებს.

კომენტარები